ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. “რატიფიცირება” დღეს, 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.
ძალაში შევიდა კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ.
„მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა.
ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.
- რუსულ მხარეს 49-წლიანი იჯარით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის ფართობი. ყოველი ნაკვეთისთვის ქირას — წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.
- ამ მიწის ნაკვეთებზე, მოსკოვს უფლება აქვს, აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. ნაგებობები რუსეთის საკუთრება იქნება.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე, მათ დასასვენებლად.
- მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.