ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებ, თუ ქვეყნები ომს დაეხმარებიან, შედეგს ნახავენ – პრაისი კონტრაბანდაზე

ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებ, თუ ქვეყნები ომს დაეხმარებიან, შედეგს ნახავენ –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ნედ პრაისის განცხადებით, ქვეყანა, რომელიც სანქციებს გვერდს აუვლის, “შედეგების წინაშე აღმოჩნდება”.

“მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ რაიმე დავასაბუთო, ან ვისაუბრო თქვენ მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და სუვერენული ტერიტორიის წართმევის მცდელობა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით  ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში  ჩვენს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას.

რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე რომ ვთქვა, ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ აშშ-სა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ცდილობენ მხარი დაუჭირონ კრემლის ომს – რუსეთისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მომარაგებით, იარაღით უზრუნველყოფით – ამას მოყვება შედეგები.

შედეგები იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობისას ან რაიმე ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც სხვაგვარად დაეხმარება მოსკოვის ომს”, – თქვა მან.