“ბრალდებები რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და ქართველი შემსრულებლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილია”- დავით გარეჯის თემაზე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებას, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ეხმაურება.
„ეს ბრალდებები არის რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და ქართველი შემსრულებლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილი, რომელთა მიზანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მოღალატის იმიჯის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლით ემოციური მანიპულირება (როგორც ეს წარმატებით გააკეთეს 2012 წლის არჩევნების წინ, კიდევ უფრო სასტიკი მეთოდებით). ეს საქმე არის ქართულ არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა, რომელიც ხორციელდება კრემლისთვის სასურველი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვების მიზნით. ამას მოწმობს საქმის პრაქტიკულად ყველა დეტალი: ის, რომ ამ თემის ავანგარდში არიან ისეთი აქტორები, როგორიცაა ე.წ. „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული მარში“ და საეჭვო, რუსული წარსულის მქონე სასულიერო პირები. ასევე ის, რომ ივანიშვილის პროკურატურის მიერ შეთხზული ლეგენდა მთლიანად ეფუძნება რუსული უშიშროების არქივებში რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული „ბიზნესმენის“ მიერ ქართული მხარისთვის გადაცემულ გაუგებარ დოკუმენტს (როგორ წარმოგიდგენიათ, ოკუპანტი რაიმეს საქართველოს სასიკეთოდ აკეთებდეს?). პროკურატურის მიერ შეთითხნილ საქმეში არ არსებობს არც დანაშაულებრივი ქმედება, არც მოტივი და არც რაიმე იურიდიული შედეგი, რომელიც ვინმეს ქმედების საფუძველზე დადგა ან შეიძლება დამდგარიყო. ბრალდებები სრულიად აბსურდული, უარგუმენტო და იმთავითვე მხოლოდ ემოციებზე და არა რაციონალურ მსჯელობაზეა გათვლილი. რაც მთავარია, ხელისუფლება თავად ამბობს, რომ არ აპირებს ამ რუკის გამოყენებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში, ანუ აღიარებს, რომ მისი მოტივი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი და იმთავითვე პოლიტიკურია. ის, რომ „ოცნების“ რუს-ქართველი პიარტექნოლოგების მიერ ხდება ჩემი 8 წლის წინანდელი განცხადების გამოყენება კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ვითომ 13 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ამყარებს აზრს, რომ ეს არის პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა, მორიგი რუსული „ზაგატოვკა“, რათა შეიქმნას მცდარი საზოგადოებრივი აზრი და სახალხო აღშფოთების „ისრები“ სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ზუსტად ამავე მოტივით იყო განპირობებული გარეჯის თემის პოლიტიკურად გამწვავების მცდელობა 2012 წლის მაისშიც, ოქტომბრის არჩევნების წინ. მჯერა, ქართული საზოგადოება აღარ წამოეგება მორიგ რუსულ სცენარს და მარტივად გაშიფრავს ამ ანტისახელმწიფოებრივი „ზაგატოვკის“ მონაწილეთა მოტივაციას“, – აცხადებს კალანდაძე.