ბრალს არ ვაღიარებ, ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ბრძოლა იქნება ბოლომდე – ელისო კილაძე

” ბრალს არ ვაღიარებ, ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ” – წერს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე წერილში.

“ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს.

რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში – (კონკურენტებს ანადგურებსო). ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ოჯახს გამძლეობა”, – ვკითხულობთ ელისო კილაძის წერილში.

ელისო კილაძე დღეს, 18 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის თანახმად, “ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთის რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟი გზით გადმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა”.