შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით განმარტავს რომ “ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ-ნიუსს”.
“სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ”, განმარტავენ შსს-ში.
როგორც ცნობილია, სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით.
“ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია”, – წერს სანდრო ბრეგაძე.