დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან 48 საათზე მცირე დროში ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა.უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს როგორც საარტილერიო დანადგარებს, ასევე საბრძოლო მასალასა და მაღალი სიზუსტის რაკეტებს.
ჯონ ჰილიმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის აპრილში დაპირებული სამხედრო დახმარება დააჩქარონ და კიევს მომდევნო 100 დღის განმავლობაში გადასცენ. ამ პაკეტში შედის Storm Shadow-ს ტიპის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებიც.
“მთავრობაში ცვლილებებია, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც თავდაცვის ახალი მინისტრი, გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით. ეს მთავრობა მტკიცეა თავის ვალდებულებაში, გააგრძელოს სამხედრო დახმარების გაწევა და გვერდში დაუდგეს უკრაინელ მეგობრებს იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება”, – თქვა მან.