ბრიტანეთის პრემიერი Covid19–ისგან გამოჯანმრთელდა და სამსახურს უბრუნდება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც ახალი კორონავირუსი გადაიტანა საბოლოოდ გამოძანმრთელდა და ორშაბათიდან სამსახურში ბრუნდება.

ჯონსონი ლონდონის წმინდა თომასის საავადმყოფოდან ორი კვირის წინ გამოწერეს, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა და ჟანგბადს იღებდა. თუმცა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული არ ყოფილა.

ბოლო დღეების მანძილზე პრემიერი ჩეკერსის ოფიციალურ ქალაქგარე რეზიდენციაში ცდილობდა ჯანმრთელობის აღდგენას, საიდანაც მუდმივი კონტაქტი ჰქონდა დედოფალ ელისაბედთან, კაბინეტის მინისტრებთან და აშშ–ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან.

ჯონსონის დაბრუნება მთავრობის მისამართით კრიტიკის გაძლიერების ფონზე ხდება. ხელისუფლებას ეპიდემიის კრიზისზე რეაგირების გამო სულ უფრო მეტი ადამიანი აკრიტიკებს.

სამთავრობო წყაროები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჯონსონი სიფრთხილეს გამოიჩენს ქვეყანაში მოქმედი სოციალური დისტანცირების ზომების და შემზღუდავი წესების შემსუბუქების საკითხში.