ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დევიდ კამერონი მოულოდნელად პოლიტიკას დაუბრუნდა–რას ელიან მისგან

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი დაბრუნდა ბრიტანეთის პოლიტიკაში და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.

ცვლილებების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სუელა ბრავერმანის თანამდებობიდან გადაყენება გახდა მისი განცხადებების გამო პროპალესტინურ მსვლელობებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგულარულად იმართება ლონდონში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.

მის ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა, კლევერლის  ნაცვლად კი კამერონი.

1970-იანი წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი პრემიერი კაბინეტში დაბრუნდა.

ვინ არის კამერონი და შეიძლება თუ არა ველოდოთ ცვლილებებს ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ?

ვინ არის დევიდ კამერონი

დევიდ კამერონმა დაამთავრა ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული ვაჟთა სკოლა ეტონი, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტი.

კონსერვატიულ პარტიას საკმაოდ მცირე ასაკში შეუერთდა და 39 წლის ასაკში უკვე (2005 წელს) ხელმძღვანელობდა მას.

2010 წლიდან 2016 წლამდე ის იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა.

მაგალითად, დიდწილად მისი პოლიტიკის წყალობით შოტლანდია დარჩა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში 2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ.

ასევე მის დროს, 2013-2014 წლებში დიდ ბრიტანეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.

2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის დროს სწორედ მან მოუწოდა დასავლეთს შეეჩერებინა რუსეთის წევრობა G8-ში. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კამერონი გახდა კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგე.

კემერონი ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.

ევროკავშირის წევრობის შესახებ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება იყო მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მან შეასრულა, მაგრამ გადადგა 2016 წლის კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში.

რას უნდა ველოდოთ მისი დაბრუნებისგან

დევიდ კამერონი შვიდი წელია, რაც დიდი პოლიტიკიდან გასულია, მაგრამ, როგორც ის ამბობს, იმედოვნებს, რომ მისი ათ წელზე მეტხნიანი გამოცდილება პარტიისა და კაბინეტის სათავეში გამოადგება დღევანდელ მთავრობას.

ის ხელმძღვანელობს ბრიტანულ დიპლომატიას ორი ომის ფონზე – უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოიყენებს მის გამოცდილებას ასეთ რთულ საერთაშორისო ვითარებაში.

ამ დროისთვის ბრიტანელი პოლიტიკოსები, მათ შორის მისი ყოფილი თანამოაზრეები, აქტიურად განიხილავენ მის შესაძლო პოზიციას ჩინეთთან დაკავშირებით.

პრემიერობის დროს კამერონი ძალიან დადებითად ექცეოდა პეკინს, მოაწყო ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი და ქვეყანაში მნიშვნელოვანი ჩინური ინვესტიციების მიიზიდა.

მთავრობიდან წასვლის შემდეგ, მან სცადა დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის საინვესტიციო ფონდის შექმნა, მაგრამ უშედეგოდ.

ბევრისთვის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრსა და ჩინეთს შორის ასეთი თბილი ურთიერთობები, თუ, რა თქმა უნდა, კამერონმა შეინარჩუნა და განაგრძობს მათ განვითარებას, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბრიტანეთის პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.

სერ იენ დუნკან სმიტმა, კონსერვატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ორშაბათს თქვა, რომ კამერონის დანიშვნა არის სიგნალი პეკინისთვის, რომ ბრიტანეთი უარს ამბობს მათ დაცვაზე, ვინც „ჰონკონგში დემოკრატიის ჩემპიონია და სინძიანგში გენოციდს განიცდის“.

მისი პარტიის ზოგიერთი წევრი თვლის, რომ საგარეო ოფისის ხელმძღვანელობაზე დათანხმებით, კამერონმა გამოიყენა შესაძლებლობა, გამოასწოროს მისი სადაო მემკვიდრეობა და დაწეროს განსხვავებული დასასრული მისი პოლიტიკური კარიერისთვის.

„როდესაც თანამდებობიდან გადადგები, ეს არასდროს ხდება შენი პირობებით, მაგრამ თუ წახვალ და დაბრუნდები, არის შანსი, რომ შეცვალო ყველაფერი, და სხვა ნოტაზე დაასრულო“, – თქვა ბარონესა ნიკი მორგანმა, კამერონის ყოფილმა მოკავშირემ, რომელიც მის კაბინეტში მუშაობდა.

მაგრამ ყველაზე მეტად, დევიდ კამერონის პოლიტიკაში დაბრუნება სარგებელს მოუტანს არა მას, არამედ ამჟამინდელ პრემიერ მინისტრს რიში სუნაკს.

დიდ ბრიტანეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტი რჩება. ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წლის იანვრისა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს ლეიბორისტების აშკარა უპირატესობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, რიში სუნაკი ცდილობს თავისი პარტიის კონსერვატიული ფრთის განეიტრალებას ზომიერი პოლიტიკოსების სასარგებლოდ, რათა  ელექტორატის ნაწილის ნდობა დაიბრუნოს.

დევიდ კამერონი წარმოადგენს კონსერვატიული პარტიის ზომიერ ფრთას და რჩება ავტორიტეტულ ფიგურად ტორებს შორის.

”ეს [კამერონის დანიშვნა] ყველაზე დიდი ცვლილებაა, რომელიც სუნაკმა შეიძლება მოახდინოს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ანტიევროპული მოძრაობა, რომელიც პარტიას მარჯვნივ უბიძგებდა, ჩახშობილია“, – ამბობს კონსერვატიული პარტიის ვეტერანი მაიკლ ჰესელტინი, რომელიც მსახურობდა მარგარეტ ტეტჩერისა და ჯონ მეიჯორის კაბინეტებში.

მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ სუნაკის გაანგარიშება იმუშავებს, ამბობენ ანალიტიკოსები.