საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვეს განზრახვა ომის შესაძლო შეწყვეტის შემდეგ. უკრაინაში გაგზავნონ ჯარები მშვიდობის უზრუნველსაყოფად. შეთანხმებას, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლებიც პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე შეიკრიბნენ.
სამიტის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე მოაწერეს ხელი „პარიზის დეკლარაციას“, რომელშიც გამოთქვეს მზადყოფნა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ.
მოლაპარაკებებში დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვები.
პარიზის სამიტი გაიმართა მალევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ისინი ერთმანეთს ახალი წლის წინ შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში — მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში.
ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომელიც თავდაპირველად ვაშინგტონში შეიმუშავეს და რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა სხვადასხვა საერთაშორისო სამიტის მიმდინარეობისას.
ფლორიდაში შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეძლეს უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, თუმცა გადაუჭრელი დარჩა მთავარი საკითხი — რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა დატოვონ დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც კიევის კონტროლქვეშ არის.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია, თუმცა აღიარა, რომ ყველაზე მეტი უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებზე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და მრავალეროვნული ძალები: რა წერია „პარიზის დეკლარაციაში“
სამიტის მთავარი შედეგი გახდა „პარიზის დეკლარაცია“, რომლის ტექსტიც ელისეს სასახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება:
- აშშ უნდა კოორდინირებდეს ცეცხლის შეწყვეტის მომავალი რეჟიმის შესრულების მონიტორინგს. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე და დაადგენს პასუხისმგებელ მხარეს.
- „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის აღკვეთის „პირველ ხაზს“ უნდა წარმოადგენდნენ. ეს მოიცავს უკრაინის არმიის დაფინანსებას, იარაღის მიწოდებას და გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობაში დახმარებას.
- უკრაინაში მრავალეროვნული ძალების გაგზავნა, რომლებიც „მსურველთა კოალიციის“ წევრებისგან დაკომპლექტდება. მათი ამოცანა იქნება უკრაინული არმიის აღდგენის დახმარება და „შეკავების ხელშეწყობა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატარდა კოორდინირებული სამხედრო დაგეგმვა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღსადგენად. ეს ძალები უკრაინაში მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიგზავნება და მათ შესაძლოა აშშ-იც დაეხმაროს.
- იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის მხრიდან შესაძლო მომავალი თავდასხმის შემთხვევაში, მშვიდობის აღსადგენად. აღნიშნულია, რომ დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნები მომავალში საბოლოოდ დააზუსტებენ ასეთ ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, დიპლომატიურ ინიციატივებს და დამატებითი სანქციების დაწესებას.
- უკრაინასთან გრძელვადიანი თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების ვალდებულება, რაც მოიცავს სამხედროების მომზადებას, იარაღის ერთობლივ წარმოებას და სადაზვერვო თანამშრომლობას.
გარდა ამისა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს სამმხრივ დეკლარაციას, რომელშიც პარიზმა და ლონდონმა გამოთქვეს მზადყოფნა, ომის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნონ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განმარტა, რომ ეს დოკუმენტი „ხსნის გზას უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალების მოქმედებების იურიდიული დასაბუთებისთვის“.
„ისინი უზრუნველყოფენ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და მომავალისთვის აღადგენენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს,“ — თქვა სტარმერმა. — „შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში შექმნიან ‘სამხედრო ჰაბებს’ და ააშენებენ დაცულ ობიექტებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკისთვის, რათა უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები უზრუნველყონ“.
რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ არასდროს დათანხმდება უკრაინაში უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნას, რადგან ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
რას ამბობდნენ ლიდერები პრესკონფერენციაზე
დასკვნით პრესკონფერენციაზე სამიტის მონაწილეებმა ეს ღონისძიება მშვიდობისკენ მიმავალ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად შეაფასეს.
ჟურნალისტებთან ერთად გამოვიდნენ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი, ასევე ტრამპის ორი სპეციალური წარმომადგენელი — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (რომლებსაც ერთი ტრიბუნის გაზიარება მოუხდათ).
სამიტის ორგანიზატორმა მაკრონმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა აშშ-ის დახმარებით უკრაინას იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ. „ეს უნდა ნიშნავდეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება არასდროს გადაიქცევა უკრაინისთვის ახალ საფრთხედ“, — თქვა მაკრონმა და გაიხსენა, რომ წარსულში რუსეთს არაერთხელ დაურღვევია სამშვიდობო შეთანხმებები, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ტერიტორიული საკითხი — ცეცხლის შეწყვეტის გზაზე მთავარი დაბრკოლება — კვლავ გადაუჭრელია. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებების ხელმოსაწერად, თუმცა „კითხვები ჯერ კიდევ რჩება“. „ყველაზე დიდი საკითხები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, ტერიტორიული საკითხებია“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურს და განაცხადა, რომ მისი მისია „სამშვიდობო პროცესში შუამავლობაა“. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლების უმეტესობა უკვე დასრულებულია, რათა უკრაინაში ადამიანებმა იცოდნენ: როცა ეს დასრულდება, დასრულდება სამუდამოდ“, — თქვა უიტკოფმა.
კონკრეტულად რა გარანტიებზეა საუბარი
შობამდე ცოტა ხნით ადრე ბერლინში გაიმართა „მსურველთა კოალიციის“ მსგავსი შეხვედრა, სადაც აშშ ძალიან ახლოს იყო უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების სტრუქტურის მხარდაჭერის კონკრეტული ვალდებულებების აღებასთან, თუმცა ვაშინგტონმა ეს ფორმალურად მაინც არ დაამტკიცა.
მედია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ მაკრონს აშკარად ჰქონდა იმედი, რომ ამ სამიტის შედეგად აშშ ხელს მოაწერდა დეკლარაციას ან საჯარო ვალდებულებებს აიღებდა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე.
„პარიზის დეკლარაციის“ ხელმოწერა შეიძლება მის წარმატებად ჩაითვალოს, თუმცა დასკვნით პრესკონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.
ზელენსკი ამ გარანტიებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლს ადარებდა, რომელიც ალიანსის ყველა წევრის კოლექტიურ დაცვას ითვალისწინებს ერთ-ერთზე თავდასხმის შემთხვევაში.
უკრაინა აცხადებდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის განზრახვას (ეს ჩანაწერი უკრაინის კონსტიტუციაშიცაა), თუმცა ახლა ზელენსკი აღიარებს, რომ აშშ და ზოგიერთი სხვა დასავლური ქვეყანა მის ალიანსში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს. ამიტომ კიევი ახლა ისეთ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომლებიც პრაქტიკულად ნატოში გაწევრიანებას გაუტოლდება.
თუმცა მედია აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აზრს მხოლოდ მაშინ შეიძენს, თუ ცეცხლის შეწყვეტა რეალურად მოხდება — რაც ამ ეტაპზე ჯერ ახლოსაც არ ჩანს.
რუსეთი მიანიშნებს, რომ ომის დასრულების მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვი მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ჯარები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიებს, რომლებიც მათ კონტროლქვეშ არის. კიევი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.
მედია წერს, რომ მაკრონი ცდილობს, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად დააშოროს ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამერიკულმა სამხედროებმა დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსადგენად.
საფრანგეთის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში ძლიერი ზეწოლისა და კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციაზე მისი თავდაპირველი რეაქციის გამო: მაკრონს არ უხსენებია საერთაშორისო სამართალი და არ უსაუბრია იმ ზიანზე, რაც ვაშინგტონის ქმედებებს საერთაშორისო ნორმებისთვის შეიძლებოდა მიეყენებინა. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მან ეს ქმედებები უბრალოდ მიღებულ ფაქტად ჩათვალა.
ამის შემდეგ მაკრონმა გარკვეულწილად შეასწორა პოზიცია და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ამავე დროს აშკარაა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს უკიდურესად ფრთხილი ბალანსის დაცვა უწევს.
პრინციპში, საფრანგეთი აშშ-ის ქმედებების წინააღმდეგია, მაგრამ ამავე დროს მათ სურთ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის წევრად დარჩეს, აღნიშნავს მედია.
სწორედ ეს ხსნის, რატომ მიმართავენ მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები სიტყვიერ მანევრებს და საჯაროდ არ აკრიტიკებენ აშშ-ის ოპერაციას მადუროს დაკავების გამო.














