კორონავირუსის ახალი, აგრესიული შტამის გამო ევროპის ქვეყნები ბრიტანეთთან მიმოსვლას აჩერებენ

ევროპული ქვეყნები დიდი ბრიტანეთის გარშემო “სანიტარულ კორდონს“ ქმნიან მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკვე ცნობილ ტიპთან შედარებით 70%–ით უფრო გადამდებია.

გაერთიანებულ სამეფოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირის არაერთმა სახელმწიფომ განაცხადა, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა. დიდ ბრტტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ნაირსახეობა უკვე აღმოაჩინეს ჰოლანდიაში, დანიაში, იტალიასა და ავსტრალიაში.

კორონავირუსის მუტაციური ვერსია დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გამოვლინდა, თუმცა გავრცელება ნოემბრის შუა პერიოდიდან დაიწყო. ამის შესახებ კვირას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ სატრანსპორტო მიმოსვლის 48 საათიანი   აკრძალვა ინგლისსა და საფრანგეთს შორის დროს მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს მოქმედებების კოორდინაციისა და მგზავრთა ნაკადის აღდგენისთვის ზომების მოსამზადებლად.

ამ ფონზე ბრიტანეთში ბოლო 24 საათში დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 35.9 ათასი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭო გერმანიის თავმჯდომარეობით საგანგებო ანტიკრიზისულ თათბირს გამართავს.

მოულოდნელი შეზღუდვების გამო კვირას ევროპული ქვეყნების ბევრი მოქალაქე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, შეეცადნენ ბილეთი უკანასკნელ მატარებელზე დაეჯავშნათ.

ლონდონის მაცხოვრებლებმა შაბათს მასობრივად დაიწყეს ქალაქის დატოვება, რადგან კვირიდან ბრიტანეთის დედაქალაქში და ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთში ძალაში შევიდა მკაცრი კარანტინის რეჟიმი, რომლებიც 20 მილიონ ადამიანს ეხება. გარდა ამისა, გაუქმდა საკარანტინო ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება, რომელსაც შობის პერიოდში 5 დღის მანძილზე უნდა ემოქმედა. ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ მესამედს ეკრძალება დღესასწაულების იმ ადამიანებთან ერთად გატარება, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არ არიან.