ბრიტანეთში ვაქცინაციის თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. თუ ადრე გეგმავდნენ, რომ ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის სამ კვირიანი ინტერვალი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით ამ ინტერვალის სამ თვემდე გაზრდა გადაწყდა.
გადაწყვეტილებას აღშფოთება მოჰყვა ექიმების ნაწილის, ასევე ზოგიერთი პაციენტის მხრიდან. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციაში ასეთი ნაბიჯი უსამართლოდ ჩათვალეს, პირველ რიგში პაციენტების მიმართ, რომლებიც უკვე ჩაეწერნენ ვაქცინის მეორე კომპონენტის მისაღებად.
ამჟამად Pfizer-BioNTech –ის ვაქცინის პირველი კომპონენტი უკვე მიიღო მილიონზე მეტმა ბრიტანელმა. პირველმა პაციენტმა ქალმა, რომელიც ბრიტანეთში Covid19–ის წინააღმდეგ აიცრა, 91 წლის მარგარეტ კინანმა უკვე მიიღო მეორე დოზაც.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამჟამად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ვაქცინის პირველი კომპონენტი, რადგან სწორედ ის იძლევა კორონავირუსისგან ძირითად დაცვას. მეორე კომპონენტი კი ძირითადად ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას. სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა სამი კვირიდან სამ თვემდე ვაქცინის ეფექტურობაზე მნიშვნელოან გავლენას არ მოახდენს.
ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ 2021 წელს ბრიტანეთის მაცხოვრებლები შეძლებენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, რომელიც 2020 წელს დაკარგეს . პრემიერის თქმით ეპიდემია უახლოეს კვირებში და თვეებში ვერ დასრულდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით.