დიდ ბრიტანეთში ახალი იარაღის პირველი წარმატებული გამოცდა ჩატარდა–მძლავრმა ლაზერმა საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
ექსპერტები თვლიან, რომ ეს ლაზერი შეიძლება გახდეს საჰაერო თავდაცვის სისტემაში რაკეტების იაფი ალტერნატივა: ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, დრონების ჩამოსაგდებად.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ იარაღი, სახელად DragonFire, იმდენად ზუსტია, რომ ერთი კილომეტრის დაშორებით შეიძლება 1 ფუნტიან მონეტას მოხვდეს.
ლაზერული იარაღის სისტემას შეიმუშავეს თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიამ (Dstl) თავდაცვის სამინისტროს ინდუსტრიულ პარტნიორებთან ერთად.
თავდაცვის სამინისტრომ შოტლანდიაში, ჰებრიდების საცდელ კუნძულებზე ჩატარებულ ტესტებს უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიარაღებაში ტექნოლოგიების გამოყენებაში.
თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა, რომ ტექნოლოგია შეამცირებს ძვირადღირებულ საბრძოლო მასალაზე დამოკიდებულებას და ასევე თანმდევი დაზიანების რისკს შეამცირებს.
როგორც არმია, ასევე სამეფო საზღვაო ძალები განიხილავენ ტექნოლოგიის გამოყენებას საჰაერო თავდაცვის სისტემებში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
წამყვანმა სამხედრო სახელმწიფოებმა ლაზერული იარაღის შემუშავება გასული საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს.
აშშ-ს საზღვაო ძალებმა უკვე დაამონტაჟეს ლაზერული სისტემები რამდენიმე გამანადგურებელზე. თუმცა, მაგალითად, ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვაში ისინი ჰუსიტების დრონებს არა ლაზერებით, არამედ ისევ რაკეტებით ანადგურებნენ.
ამავდროულად, საზენიტო რაკეტები, როგორც წესი, ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე დრონები: რაკეტები შეიძლება ასობით ათასი, ან თუნდაც მილიონ დოლარზე მეტი ღირდეს, ხოლო შედარებით მარტივი კამიკაძე დრონების ფასი შესაძლოა რამდენიმე ათეული ათასი იყოს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, DragonFire სისტემა 10 წამში იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო გამათბობელი ერთ საათში. მთლიანობაში, ამ სისტემით ერთი გასროლა 10 გირვანქა სტერლნგი ჯდება.
DragonFire სისტემის დიაპაზონი კლასიფიცირებულია.
„ამ ტესტებმა მოგვცა საშუალება გადაგვედგა უზარმაზარი ნაბიჯი წინსვლის პოტენციალის რეალიზებაში და იმ საფრთხეების გაგებაში, რომლებიც დაკავშირებულია მიმართული ენერგიის იარაღთან“, – თქვა Dstl-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰოლინშჰედმა.
ლაზერული იარაღის განვითარება ხდება ომში დრონების მზარდი გამოყენების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში.