ბრიტანეთი შესაძლოა ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონე ქვეყანა გახდეს. ასეთი ბრიტანეთის მთავრობის უფროსი მრჩევლის, ჯერემი ფერარის პროგნოზი. ბრიტანეთი ბევრ ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება მასობრივი ტესტირებით. ხელისუფლებას არ შეუძლია დროულად გამოავლინოს და იზოლირება გაუკეთოს Covid-19-ით დაინფიცირებულებს, რათა ვირუსის გავრცელება აღკვეთოს.
ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აპრილის ბოლომდე ტესტირების საკითხს მოაგვარებს და დღეში 100 ათასამდე ადამიანს გატესტავს, თუმცა ბევრი მედიკოსი ამის რეალობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამჟამად ბრიტანეთი ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ქვეყანაში 10600–ს აჭარბებს.
ბრიტანეთის მთავრობა დღეს საკარანტინო ზომების გადახედვას აპირებს, რომლებიც ქვეყანაში 23 მარტს შემოიღეს. შემსუბუქებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალი რჩება. ზოგიერთი მინისტრი პირიქით, კარანტინის გამკაცრების წინადადებით გამოდის, რადგან ბრიტანელები ძალიან თავისებურად იგებენ სახლიდან გამოსვლის და გასეირნების ნებართვას.