ბრიტანეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. ხელისუფლება კარანტინის შესუსტების გეგმას ამზადებს

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით ბრიტანეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა.

„პიკი გადავიარეთ და ქვევით მივდივართ, თითქოს მთებში გრძელი გვირაბი გავიარეთ და ახლა წინ სინათლეს ვხედავთ„– განაცხადა ბორის ჯონსონმა პირველ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც Covid19-ისგან განიკურნა.

მომავალ კვირას ჯონსონი კარანტინის შესუსტების და ეკონომიკის აღდგენის გეგმას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზნებია ეკონომიკის გადატვირთვა, სკოლების გახსნა და კომპანიების მუშაობის განახლება.

თავის გამოსვლაში ჯონსონმა ბრიტანეთის ჯანდაცვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, სიტუაციის შეფასებისას ხელისუფლება 5 კრიტერიუმით იხელმძღვანელებს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაინფიცირების მაჩვენებელი იქნება, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რამდენის დაინფიცირებაც ვირუსის მატარებელს შეუძლია.

ამჟამად ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში ერთზე ნაკლებია და 0.6–0.9–ის დიაპაზონში მერყეობს. ეს აისახება ახალი დაავადებულების გამოვლენის მაჩვენებელზე, რომელიც ბოლო პერიოდში ასევე ეცემა.

ამ მაჩვენებლის სტაბილური კლება უნდა გახდეს კარანტინის ზომების შემსუბუქების პირობა.დამატებითი პირობებია: საავადმყოფოების გადატვირთულობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობის მუდმივი კლება და მთავრობის მიზნის მიღწევა მოქალაქეების ტესტირებასთან დაკავშირებით.

ჯონსონის თქმით მათი მიზანი ყოველდღიურად 100 000 ადამიანის ტესტირებაა და ეს ამოცანა თითქმის მიღწეულია. გუშინ ბრიტანეთში კორონავირუსის ტესტი 80 000 ადამიანზე მეტს ჩაუტარეს.

თავად ჯონსონს კორონავირუსი მარტის დასაწყისში დაუდგინდა. მან სამი ღამე რეანიმაციაშიც გაატარა. ის სამსახურში ორშაბათს დაბრუნდა და ხუთშაბათს მთავრობის პირველი სხდომაც ჩაატარა გამოჯანმრთელების შემდეგ.

ბოლო მონაცემებით ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 26771 ადამიანი.