ბრიტანეთში პატარკაციშვილის ქვრივის 10 მილიონიანი სახლი დაიწვა–ბრიტანული მედია დეტალებზე

ინგლისში, სურეიში ყოფილი რუსი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის 10 მილიონიანი სახლი დაიწვა –წერს ბრიტანული გამოცემა dailymail და შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.

უზარმაზარი სახლი მთლიანად დაიწყვა ხანძრის შედეგად, რომელიც მისი სამწლიანი და მრავალმილიონიანი რეკონსტრუქციის დასრულების მეორე დღესვე გაჩნდა.

სახლის მფლობელი, ინა გუდავაძე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია, რომელიც რუსეთის დიქტატორის, პუტინის ყოფილი მოკავშირე იყო, მასთან დაპირისპირების შემდეგ კი მალევე უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა – წერს ბრიტანული გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით 67 წლის ინა გუდავაძეს იმედი ჰქონდა, რომ ახლო მომავალში გადავიდოდა ამ შესანიშნავ სახლში, სანამ ის ორი კვირის წინ ცეცხლმა არ გაანადგურა.

ახლა ბრიტანეთის ერთ–ერთ ყველაზე მდიდრულ რაიონში მდებარე  უზარმაზარი სახლისგან შიშველი კედლები და საძირკველი დარჩა.

ხანძარი როგორც ირკვევა 23 სექტემბერს მოხდა, თუმცა მედიაში ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. ცნობილია, რომ ცეცხლის ჩასაქრობად 8 სახანძრო მანქანა მუშაობდა, თუმცა მისი დროულად ჩაქრობა ვერ შეძლეს. ახლა გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ გაჩნდა ცეცხლი.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში დაბადებული ინა გუდავაძის ქონება ახლა 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად ფასდება. როგორც ბრიტანული მედია წერს, ინა გუდავაძე აპირებდა ლონდონის სახლიდან  სურეიში გადასულიყო მის ორ ქალიშვილთან – ლინა ჟმოტოვასთან და ია პატარკაციშვილთან ერთად.

სახლში იყო 9 საძინებელი ოთახი, კინოთეატრი, ოჯახური ოთახი და ლიფტი, რომელიც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სარდაფში ჩადიოდა, სადაც ღვინის სადეგუსტაციო და სასადილო დარბაზი იყო მოწყობილი. სახლი იმ დიდ მიწის ნაკვეთზე აშენდა, რომელიც ქვრივს ქმრისგან მემკვიდრეობით დარჩა.

გამოცემა წერს, რომ მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი რუსეთიდან 2000 წელს გაიქცა პუტინთან დაპირისპირებისა შემდეგ და ის თაღლითობაში იქნა დადანაშაულებული.

პატარკაციშვილი სურეიში მდებარე სახლში 2006 წელს გადავიდა და ორი წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა გულის შეტევისგან 52 წლის ასაკში.

ახალი სახლი, რომელიც ახლა უკვე ნანგრევებად არის ქცეული, მისმა ცოლმა ააშენა 300 მეტრის დაშორებით იმ სახლიდან, სადაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ეს სახლი ისევ გუდავაძის საკუთრებაშია და იქ გუდავაძის პერსონალი და დაცვა ცხოვრობს.

გუდავაძემ, რომელიც ერთ დროს ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალების სიაში მეათე იყო, კომენტარზე უარი თქვა – წერს გამოცემა.

საკითხს სწავლობენ სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები.