დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინიდან ოკუპანტების გასვლა “კეთილი ნება” არ ყოფილა და ის უკრაინის არმიის მოქმედებების შედეგად დატოვეს. დაზვერვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზმეინიზე მყოფ რუსულ გარნიზონს უტევდნენ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. მათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც გამოიყენეს იმ რუსული ხომალდების შესაჩერებლად, რომლებსაც კუნძულზე შეიარაღება და სხვა მარაგები გადაჰქონდა.
„რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან თავისი ძალები გაიყვანა იმის გამო, რომ მისი გარნიზონი იზოლაციაში მოექცა და დაუცველი დარჩა უკრაინელთა თავდასხმების პირისპირ და არა „კეთილი ნების“ ნიშნად, როგორც ამას თვითონ აცხადებს“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.