ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიაში გადაადგილებები კრემლის წარუმატებლობაზე მეტყველებს

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ოთხშაბათს რუსეთის უმაღლეს სამხედრო სარდლობის რიგებში ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ კრემლმა იცის, რამდენად დამღუპველია მათთვის სამხედრო კამპანია.

„გენერალური შტაბის უფროსის საბრძოლო მოქმედებების თეატრის მეთაურად დანიშვნა არის რუსეთის წინაშე არსებული სიტუაციის მზარდი სერიოზულობის მანიშნებელი და აშკარა აღიარება იმისა, რომ კამპანია არ შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დღევანდელი გადაადგილება სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს ულტრანაციონალისტების რიგებში და “სამხედრო კორესპონდენტებში”, რომლებიც გერასიმოვს სამხედრო წარუმატებლობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო სერგეი სუროვიკინი, რომელიც არმიის მეთაურობიდან იქნა მოხსნილი, მათი ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა.

სუროვიკინის გერასიმოვის ერთ-ერთ მოადგილედ დანიშვნამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ავტორიტეტსა და გავლენას, ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დაინიშნა.

დაჯგუფების ყოფილი სარდალი სერგეი სუროვიკინი გერასიმოვის სამიდან ერთ-ერთი მოადგილე გახდება. ის რჩება საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის თანამდებობაზე.

გერასიმოვის დანარჩენი მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების სარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია იმ ამოცანების მასშტაბების ზრდასთან, რომლებიც მისი ჩატარების მსვლელობაში წყდება–“ ნათქვამია რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.