ბრიტანული დაზვერვა დილის მოხსენებაში ყურადღებას ამახვილებს 5 დეკემბერს რუსეთის ტერიტორიაზე, რიაზანთან და სარატოვის რეგიონში რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზებზე მომხდარ აფეთქებებზე, რომლის დროსაც, ღია წყაროების თანახმად, დაიღუპა სამი ადამიანი და დაზიანდა ორი სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-95.
მზვერავები აღნიშნავენ, რომ აფეთქებების გამომწვევი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. მაგრამ თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს არის მიზანმიმართული დივერსიული აქტები, ისინი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარუმატებლობად სამხედრო ობიექტების დაცვაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ფაქტია, რომ დაზარალებული ბაზები განლაგებულია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში: ენგელსის საჰაერო ბაზა სარატოვის რეგიონში მდებარეობს, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან 600 კილომეტრში.
ენგელსი არის რუსული შორეული ავიაციის მთავარი ოპერატიული ბაზა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, აქ 30 ბომბდამშენია ბაზირებული. ეს თვითმფრინავები რუსეთის ბირთვული ფარის ნაწილია და უკვე გამოყენებულია უკრაინაზე თავდასხმისთვის არაბირთვული საკრუიზო რაკეტებით.
ბრიტანული დაზვერვის აზრით, საპასუხოდ, რუსი სამხედროები ბომბდამშენებს სარეზერვო ბაზებზე გადაიყვანენ და არმიის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ყველა ღონეს იხმარს იმ ოფიცრების მოსაძებნად და დასასჯელად, რომლებიც მომხდარზე არიან პასუხისმგებელნი.