ბრიტანულმა სამხედრო-ინდუსტრიულმა კონცერნმა BAE Systems-მა, უკრაინის ომის წყალობით, 66 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (84 მილიარდი აშშ დოლარი) შეკვეთები მიიღო, რაც მისი არსებობის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია. მთავარი ახალი მომხმარებლები არიან ქვეყნები, რომლებიც ხელახლა იარაღდებიან და ავსებენ თავიანთ არსენალს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შემდეგ.
შეკვეთების რეკორდული პაკეტის შესახებ BAE Systems-მა ოთხშაბათს გამოაცხადა, როცა ამ წლის შემოსავლის კორექტირებული პროგნოზით წარადგინა, იტყობინება Times.
მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, კონცერნმა მიიღო 21 მილიარდი ფუნტი სტერლინგის შეკვეთები, მათ შორის ასობით საბრძოლო მანქანის შეკვეთა ჩეხეთიდან 1,8 მილიარდი ფუნტით, 3,7 მილიარდი ფუნტის შეკვეთა საუდის არაბეთიდან Typhoon–ს განმანადგურებლებზე, და 2,4 მილიარდის შეკვეთა თავად დიდი ბრიტანეთისგან ახალ წყალქვეშა ნავებზე.
გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე შეუკვეთა 280 მილიონი ფუნტის ღირებულების 155 მმ-იანი ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა, უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალების ჩასანაცვლებლად.
თავად უკრაინიდან შეკვეთები ზოგად ფონზე მცირეა, მაგრამ BAE Systems-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ აპირებს ტანკებისა და არტილერიის წარმოებისა და შეკეთების ცენტრის აშენებას თავად უკრაინაში, ხოლო კონცერნის ხელმძღვანელმა ჩარლზ ვუდბერნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამ ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით საქმე წინ მიდის:ჯერჯერობით წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შემდეგ კი ბრიტანელები ადგილობრივ პარტნიორთან აპირებენ მუშაობას.
BAE Systems აწარმოებს იარაღის ფართო სპექტრს, ბირთვული წყალქვეშა ნავებიდან და Typhoon გამანადგურებლებიდან დაწყებული საბრძოლო მასალებით დამთავრებული.