ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს თალიბებთან დიალოგი მოუწევს, რადგან მათ ავღანეთში ომი მოიგეს.
ბორელიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირს სურს დაახლოებით 400 ავღანელის და მათი ოჯახის წევრების ქვეყნიდან გამოყვანა, რომლებიც ევროკავშირის მისიებში მუშაობდნენ, ეს კი თალიბებთან დიალოგის გარეშე არ გამოვა.
ევროკომისარმა ასევე თქვა, რომ ესპანეთი მზად არის შუალედური პუნქტის როლი შეასრულოს, საიდანაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები ამ ავღანელ დევნილებს მიიღებენ, და რომ ბრიუსელი მზად არის თალიბებთან კონტაქტზე წავიდეს, როგორც კი ამის საჭიროება დადგება.
ბორელი არ დაეთანხმა პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანი არასოდეს ყოფილა ერთიანი ავღანეთის აშენება. მისი თქმით, სწორედ ეს იყო ავღანეთში უცხოური ჩარევის მეორადი მიზანი, და ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.