უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ტერაქტის მომზადების შესახებ წინასწარი ცნობა რუსეთს ჯერ კიდევ 15 თებერვალს ჰქონდა. ამის შესახებ, ბუდანოვმა, სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა.
“სულ მცირე, 2024 წლის 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ეს ინფორმაცია მათ დაზვერვის სამმართველოს სირიული ჯგუფისგან მიიღეს. სწორედ იქედან მიიღეს მოსკოვში. ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ეს ყველაფერი არსაიდან მოხდა..[…] რატომ დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო – რამდენიმე ვარიანტია. პირველი, ეს, როგორც მათთან ამბობენ, კოშკების თამაშია (რედ. იგულისხმება კრემლის კოშკები, გამოთქმა ნიშნავს კრემლში ძალაუფლებისთვის ბრძოლას), რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. სხვა ვარიანტია – მათ რეალურად ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, რაც მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა უფრო ლოკალური და ყველაფრის უკრაინისთვის დაბრალება სურდათ.” – თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მისთვის ტერორიზმი მიუღებელია, თუნდაც ის მტრის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
“გამოჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის ახსნები, რომლებიც პირადად მე მაბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინამ მოაწყო. ეს სისულელეა. სხვათა შორის, ამ მტკივნეულ შეკითხვას რომ შევეხოთ, მართალია მტრები არიან, მაგრამ, პრინციპში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს არ ვამართლებ.” – თქვა ბუდანოვმა.