ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირს რუსულ გაზზე უარისკენ მოუწოდებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი თვლის, რომ ევროკავშირმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კიევის ოლქში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო სრულად უნდა თქვას რუსულ გაზზე უარი.

“ასეთი დანაშაული უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“– თქვა მან ტელეარხ ARD–სთან ინტერვიუში.

ლამბრეხტი გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, ისევე, როგორც კანცლერი ოლაფ შოლცი. ის ამბობს, რომ სკეპტიკურად ეკიდება მოსკოვის ნებისმიერ დაპირებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

“ჩვენ ვნახეთ, როგორ ცრუობენ ადამიანები, როგორ გვატყუბდნენ, როგორ არ ასრულებდნენ დაპირებას. ამიტომაც ძალიან ფრთხილი და სკეპტიკური ვარ“– ამბობს ის.

ბუჩაში რუსული ჯარის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ ჩადენილი სისასტიკე დაგმო გერმანიის კანცლერმაც. მან ყველას მოუწოდა ამ დანაშაულის გამოძიებისკენ და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პირობა დადო. თუმცა, რუსული გაზის იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ჯერ არაფერი უთქვამს. მანამდე გერმანიის მთავრობა აცხადებდა, რომ შეძლებს მთლიანად თქვას უარი რუსულ გაზზე 2024 წლის შუა პერიოდიდან.