უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს მედიისთვის ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და არაერთ შეკითხვას უპასუხა, მათ შორის უკრაინის გეგმებს, ფრონტზე არსებული სიტუაციის შეფასებას და მის ურთიერთობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან.
ზელენსკიმ თქვა, რომ მთავარსარდალი ისეთივე მისი წარმომადგენელია, როგორც სხვა ოფიციალური პირები – და რომ ის მათგან კონკრეტულ შედეგებს ელის.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის Suspilne-ის კორესპონდენტმა პირდაპირ ჰკითხა ზელენსკის, იგეგმებოდა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება.
ზელენსკიმ კვლავ პირდაპირ არ უპასუხა ამ კითხვას, მაგრამ პასუხი ასე დაიწყო:
“ რატომ განვავითაროთ ეს თემა? ზალუჟნისთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. ის პასუხისმგებელი უნდა იყოს ბრძოლის ველზე შედეგზე, როგორც მთავარსარდალი გენერალურ შტაბთან ერთად. ბევრი კითხვა არსებობს.
ორსაათიანი პრესკონფერენციის დროს ზელენსკიმ ისაუბრა ომის დროს საზღვარგარეთ წასული უკრაინელების დაბრუნებაზეც.
ზელენსკის ჰკითხეს, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს საზღვარგარეთიდან დაახლოებით 4 მილიონი უკრაინელი, ვინც ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა.
პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორი ძირითადი ფაქტორი შეიძლება იყოს ხალხის დაბრუნების გასაღები: საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, რომელიც იცავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს რუსული თავდასხმებისგან და მასპინძელი ქვეყნებიდან ლტოლვილების მხარდაჭერის შესაძლო შემცირება.
“ უმეტესობა ჩამოვა, როგორც კი უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა იქნება. იქნება თუ არა ეს უმრავლესობა, ძნელი სათქმელია.
ზელენსკიმ ივარაუდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები შეამცირებენ მთავრობის მხარდაჭერას უკრაინელებისთვის, რომლებმაც მიიღეს სამუშაო ახალ ქვეყნებში.
ზელენსკი ასევე გამოდის წინადადებით, დაიწყონ ფიქრი უკრაინაში ორმაგი მოქალაქეობის შემოღებაზე, რათა ქვეყნიდან წასულებმა სამშობლოსთან კავშირი არ დაკარგონ.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, მაგრამ სხვა სახელმწიფოს პასპორტის აღება ავტომატურად არ იწვევს უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვას.
“ მსოფლიოში 60 მილიონი უკრაინელია და ყველა მათგანს არ უწევს უკრაინაში ცხოვრება, მათ აქვთ საკუთარი ისტორია, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება მხარი დაუჭირონ უკრაინას, იგრძნონ, რომ ისინი უკრაინელები არიან.“
რა თქვა კიდევ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე .
პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მას სთხოვეს 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება, მაგრამ ზელენსკიმ შესთავაზა მათ ბოლომდე დაამუშაონ გეგმა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ ახალი სამხედრო მოსამსახურეების მოზიდვა, არამედ მათი დემობილიზაციაც, ვინც უკვე თითქმის ორი წელია ჯარში მსახურობს.
ზელენსკიმ თქვა, რომ არ აპირებს მობილიზაციის შესახებ კანონზე ხელის მოწერას, რომელიც გულისხმობს ქალების რეკრუტირებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ შესაძლოა, გარკვეულ პირობებში, დათანხმდეს 25 წლამდე უკრაინელების მობილიზებას.
მან თქვა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია “ერთ გამარჯვებასაც კი” ომში და უარყო ვარაუდები, რომ უკრაინა წაგების საფრთხის წინაშეა.
ზელენსკიმ რამდენჯერმე აიცილა პირდაპირი პასუხი კითხვაზე, აპირებდა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის გადაყენებას. პრეზიდენტმა მთავარსარდალს თავისი გუნდის წევრი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მისგან კონკრეტულ შედეგებს და მუშაობას ელის უკრაინის საკეთილდღეოდ.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში შეძლებს კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ბლოკირების მოხსნას.
ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინის ინდუსტრია მომავალ წელს 1 მილიონ დრონს აწარმოებს.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, უპილოტო მოწყობილობებმა ძლიერ შეცვალა ომის პრინციპები უკრაინის ომში.
რუსეთის შეჭრის დასაწყისში უკრაინას ჰქონდა უპირატესობა დრონების გამოყენებაში, მაგრამ შემდეგ რუსეთმა დაიწყო ასეთი აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რამაც შეცვალა ძალთა ბალანსი.
სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების გამო, ექსპერტების აზრით, ორივე მხარის შეიარაღებული ძალები ვერ აგროვებენ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას და ჯარისკაცებს ფართომასშტაბიანი ოპერაციების ორგანიზებისთვის.
ზელენსკიმ პრესკონერენციაზე უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთში 2023 წლის ზაფხულში აფერხებდა ის ფაქტი, რომ უკრაინის არმიას არ გააჩნდა საკმარისი საბრძოლო მასალა, კერძოდ საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.
„უკონტროლო ცა უკრაინის მხრიდან – ამან იმოქმედა 2023 წლის სამხრეთის ოპერაციაზე. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ცას, არ გვაქვს საკმარისი შესაბამისი საბრძოლო მასალა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალს ვერ ვიპოვით, ან უკვე არ ვიპოვნეთ, მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, რადგან ამუნიციისთვის ზოგი რამ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – თქვა ზელენსკიმ.
პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ზამთარს უკრაინაში რამდენიმე ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot ჩავა. მან არ დაასახელა ზუსტი რიცხვი, რადგან ეს არის საიდუმლო ინორმაცია.