გააცნობიერეს, რომ გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ღუდუშაური ენმ-ზე

უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალური მოძრაობა იქნება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ.

მისი თქმით, ენმ-მ გააცნობიერა, რომ პარლამენტის გარეშე დარჩენა მათი “დასასრულის დასაწყისი იქნება”.

“როგორც ჩანს მათმა რეალურმა მმართველმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ ახლა უკვე უნდა გადმოიტანონ პროცესები პარლამენტში. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, ჩვენ ვმუშაობთ იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ქვეყანას და საზოგადოებას. როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა ევროპულ საქართველოს, რომლიც პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს ან თუ არსებობს, უკვე არის ერთი კაცის პარტია, ამიტომ ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ასევე მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე დაიწყება, რომელზეც პარტია გადაწყვეტს, შევლენ თუ არა პარლამენტში.