გაბუნია არ გამორიცხავს ტრანსპორტში მწვანე პასპორტის გამოყენებას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის პირობებში დგება აუცილებლობა, რომ მწვანე საშვების მოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გავრცელდეს.

„ტრანსპორტთან დაკავშირებით თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მწვანე საშვი მნიშვნელოვანია, თუმცა მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ამ პირობებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის, “ომიკრონის“ საფრთხეზე, უკვე რეალურად დგება აუცილებლობა, რომ მეტი სიმკაცრე და კონტროლი გაჩნდეს არამხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქ, სადაც ჩვენ ყველაზე ხშირად ვართ, რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი. ამასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება კონსულტაციები”,– ამბობს ის “იმედის” ეთერში.

გაბუნია აღნიშნავს, რომ ტრანსპორტში მწვანე პასპორტის ადმინისტრირება რთული იქნება, ამიტომ ამის უზრუნველყოფის გარანტია უნდა შეიქმნას.

„ევროპის ქვეყნებში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ იქნებ ტრანსპორტშიც გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ადმინისტრირება იქნება რთული, რომ ყველა მგზავრი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს, განსაკუთრებით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, გაკონტროლდეს. თუ არ იქნა ადმინისტრირებისა და აღსრულების უზრუნველყოფის გარანტია, ბუნებრივია, ვერ ვხედავ დამატებითი შეზღუდვების დაწესების აზრს“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, მწვანე პასპორტი საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. მწვანე სტატუსის გარეშე მოქალაქეები ვერ სარგებლობენ შემდეგი დაწესებულებებით:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.