შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები დღეს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც, კანონის გათვალისწინებით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.
“ვაპირებთ, შევიტანოთ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. კერძოდ, ის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ტოიოტა ქამრის მისვლის დროს სამი პირი გადმოვიდა მანქანიდან და ორ პირს 10 წუთის განმავლობაში სცემდა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იქ სხვა ინციდენტს ჰქონდა ადგილი”, – აცხადებს ნემსიწვერიძე.
ფოტოგრაფი ბრეგვაძე შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც საქმეში ბრალდებულები თავს დაესხნენ. ბრეგვაძე ჩვენებაში ყვება, რომ მან გაქცევა და მშენებარე სახლში დამალვა მოასწრო, შემდეგ კი პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისში დაბრუნდა.