ბელორუსის ცესკომ დღეს კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა. ისინი თითქმის არ განსხვავდება წინასწარი შედეგებისგან, რომელმაც ქვეყანაში პროტესტის ტალღა და შეტაკებები გამოიწვია. ხუთშაბათი ღამე შედარებით მშვიდი იყო.
რას ფიქრობენ ადგილობრივი ექსპერტები მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ.
ხმების ოფიციალურ იდათვლით ლუკაშენკომ 80.1% მიიღო, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10.21%. ანა კონოპაცკაიამ 1.67, ანდრეი დმიტრიევმა 1.21, სერგეი ჩერეჩენმა 1.14, ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 4.59%–მა.
პოლიტოლოგი ალექსეი ზერმანტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტულ ანალიტიკურ სადისკუსიო გადაცემებში და პროსახელისუფლო ექსპერტად ითვლება, ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეებისკენ ნაბიჯი გადადგა:
“შს მინისტრმა, კარაევმა ბოდიში მოიხადა უსამართლოდ დაკავებულების და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენების გამო, პირობა დადო, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ და დღეს ეს ინფორმაცია დადასტურდა. რესპუბლიკის საბჭოს მეთაურმა, ნატალია კოჩანოვამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მშრომელთა მოთხოვნები გაითვალისწინა. ჩანს, რომ ხელისუფლება პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს. ვნახოთ რა რეაქცია ექნებათ პროტესტის მონაწილეებს“ – ამბობს ის და ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ ვნებათაღელვა მოსალოდნელი იყო და ხელისუფლება მისთვის მზად იყო, ერთადერთი სათანადოდ ვერ შეაფასა ახალი ინსტრუმენტების გავლენა, როგორიც არის მესენჯერები, ტელეგრამ არხები და ა.შ. მისი თქმით, ხელისუფლება მიმდინარე მოვლენების გამო შეშინებული არ არის, თუმცა ექსპერტი არ არის დარწმუნებული, რომ დაძაბულობის პიკმა გადაიარა. მისი თქმით, შაბათ–კვირას გამოჩნდება, გაქრება თუ არა ქუჩიდან ძალადობა და შეძლებენ თუ არა მხარეები მოლაპარაკებას. მისი თქმით, აუცილებელია დიალოგი და პრობლემების მოგვარების პოლიტიკური მეთოდები.
თუმცა, ვინ ვისთან უნდა გამართოს დიალოგი და ვინ იქნება მისაღები შუამავალი ხელსუფლებასა და აღშფოთებულ მოქალაქეებს შორის, ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს.
პრეზიდენტობის ახლა უკვე ყოფილი კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რიგი პირობები უნდა შეასრულოს, სანამ ქუჩაში გამოსულ ხალხთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
“იმედი მაქვს ეს დაზავების მცდელობაა, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენთვის ხელისუფლების ბოდიში არასაკმარისია. ფეხზე ფეხი კი არ დაგვაბიჯეს, მათ ცემეს ადამიანები, გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, გააყალბეს არჩევნები. ამიტომაც ბოდიშს კი არა, ყველას გათავისუფლებას ველოდებით, ვინც ამ დღეებში და მანამდე დააკავეს, ვინც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტპატიმარი გახდა. ველოდებით ძალის გამოყენების ყოველ შემთხვევაზე გამოძიებას. ველოდებდით ძალოვანი მინისტრების და ცესკოს წევრების გადადგომას იმის გამო, რომ ასეთი რამ დაუშვეს. ველოდებით რომ იქნება ხმების ხელახალი გადათვლა, ან ახალი არჩევნები დაინიშნება.“
მზად არის თუ არა ლუკაშენკო ამ პირობების დასაკმაყოფილებლად:
ანალიტიკოსი ალექსანდრ კლასკოვსკი პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ ხელისუფლებისთვის ყველაზე პრობლემურად თვლის. მისი აზრით ლუკაშენკო ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ის მზად არ არის ძალაუფლება დათმოს, ამიტომაც კონფლიქტი რეჟიმსა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის გაგრძელდება. ექსპერტის აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა პოლიტიკურ არენაზე “კლასიკური პროლეტარიატის“ გამოსვლა.
“საერთონაციონალური გაფიცვის აჩრდილი ხელისუფლებისთვის ნამდვილი კოშმარია. ჯერჯერობით ასეთი გაფიცვა არ არის, თუმცა არის სერიოზული განაცხადები ქარხნების მუშების მხრიდან, რომლებსაც უკვე ვიღაც “ერთ მუჭა ნაძირლებს“ ვეღარ უწოდებ, როგორც ცოტა ხნის წინ ოფიციალური ლიდერი და მისი პროპაგანდა უწოდებდა ხოლმე პროტესტანტებს. იმოქმედა იმან, რომ პროლეტარიატის ხმა გაისმა, მუშათა კლასის ხმა. თუმცა ჩემი აზრით ეს ჯერჯერობით “ბელორუსული რევოლუციის“ არანაირი გამარჯვება არ არის. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრალოდ ტაქტიკურ მანევრს აკეთებს და დროის მოგება უნდა“.– ამბობს ექსპერტი.
დაეხმარება თუ არა ლუკაშენკოს მოსკოვი
დასავლური სახელმწიფოების ლიდერები და ევროკავშირის სტრუქტურები მწვავედ აკრიტიკებენ ოფიციალურ მინსკს დემონსტრანტებზე ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებისთვის.
ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბელორუსში დასავლელი დამკვირვებლები არ ყოფილან – ხელისუფლებამ მათ მიწვევა დროულად არ გაუგზავნა. ბევრმა უცხოელმა ჟურნალისტმა აკრედიტაცია ვერ მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ამის გარეშე კი ბელორუსში მუშაობა უკანონოა. ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის რუსული მედიიდან ბელორუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ბელორუსი ექსპერტებისთვის ცხადია, რომ არჩევნებს დასავლეთი არ აღიარებს, როგორც დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისს, ისევე, როგორც დასავლეთს ასეთად არ უღიარებია არცერთი არჩევნები, რომელიც ლუკაშენკომ მოიგო, გარდა 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა.
“ბელორუსის ხელისუფლება დიდად არასდროს რეაგირებდა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე. ახლაც, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სანქციებით მათი შეშინება არ გამოვა, რადგან სანქციების არ ეშინიათ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ სერიოზულ ზომებს, რომლებიც დასავლეთმა შეიძლება მიიღოს. ყველაფერი ისევ პიროვნული სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით დამთავრდება ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ძალიან ძლიერი ზეწოლის ბერკეტია, რომელიც აიძულებს ბელორუსის ხელისუფლებას დათმობაზე წავიდეს, დასავლეთის და საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის აზრი გაითვალისწინოს“ – ამბობს ანალიტიკოსი ანდრეი ფიოდოროვი.
მისი აზრით, რუსეთი მოულოდნელ ქმედებებს არ მიმართავს და განაგრძობს ლუკაშენკოს “ზომიერ მხარდაჭერას“, მიუხედავად მისი მკვეთრი გამოხტომებისა მოსკოვის მიმართ ბოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
მისი თქმით, მოსკოვის აშკარა მიზანი ლუკაშენკოს იმ დონემდე დასუსტებაა, რომ ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდეს “საგზაო რუკების“ ხელმოწერას ინტეგრაციის გაღრმავებამდე, და ფაქტიურ ინკორპორაციამდე.
“ ფორმალურად შესაძლოა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს, მაგრამ მოსკოვის აშკარა ოცნებაა ბელორუსის სრულად დაქვემდებარება“ – ამბობს ფიოდოროვი.
ბელორუსის ქალაქების ქუჩებში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება ბოლო ორი დღეა სისასტიკის ფაზიდან გამოვიდა. შსს–ს ოფიციალური მონაცემებით საპროტესტო აქციები არჩევნების შემდეგ ქვეყნის 33 ქალაქში გაიმართა.
ექსპერტები თვლიან, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და პროტესტანტებს გარდა დაკავებულთა დიდი ნაწილის გათავისუფლებისა ჯერ სხვა არაფრისთვის მიუღწევიათ, შესაბამისად, ისინი პროტესტის გაგრძელებაზე უარს არ იტყვიან.
აქციები იგეგმება შაბათს და კვირას. ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელორუსის ქალაქების მერებს მოუწოდებს 15 და 16 აგვისტოს თავად გახდნენ მშვიდობიანი მასობრივი აქციების ორგანიზატორები.
“ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძალადობა ბელორუსის ქალაქებში“ – თქვა მან ბოლო მიმართვაში, რომელიც ლიეტუვაში ჩაწერა. ის ამჟამად სწორედ ამ ქვეყანაში იმყოფება.