“გადადგეს თამარ ჟვანია” – “სირცხვილიამ” ცესკოსთან ბადრი ესებუას ბანერი დადგა

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საქართველოს ბანკის მძარცველის, ბადრი ესებუას ბანერი დადგა.

ესებუას ბანერს ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით – “გადადგეს თამარ ჟვანია”.

“ამას ხომ თანხმდებით უსიტყვოდ და უსრულებთ ყველა სურვილს?”,- მიმართავს სირცხვილია საქართველოს მთავრობას.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა. მან 19 მძევალი აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მას მომლაპარაკებელმა მოთხოვნილი თანხა მიუტანა,ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორია პოლიციის მანქანით დატოვა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. ესებუას შსს ამ დრომდე ეძებს.