მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. კანცელარიის კედელზე TV პირველის, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო, წარწერით “გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები!” კედელზე მიანათეს.
“დღევანდელი დღის მერე განსაკუთრებით, როდესაც ეს მოძალადეები შეიკრიბნენ და იგივე გაიმეორეს, ვითომ ტელევიზიები პრობლემაა ამ ქვეყანაში, დახიეს ლექსოს ფოტო და ა.შ. ვერაფრით ვერ დამთავრდებოდა ეს დღე ისე, რომ ამ შენობის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ დიახ, მათ აჩრდილივით სულ თან დაყვებათ ლექსოს ფოტო და მოთხოვნები, რომ გადადგნენ და დაისაჯონ” – განაცხადა ელენე ხოშტარია.
აქტივისტებმა პერფორმანსით კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პროტესტი და 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.