პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოსთვის დღეში 1500 შემთხვევა საკმაოდ მაღალი ციფრია, ამიტომ პირველ თებერვლამდე ყველა შეზღუდვა უნდა გაახანგრძლივონ.
“მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი გავიდა, რეალურად პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირების, რაც, რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და 1 თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ”,– განაცხადა გახარიამ.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო სექტორი მთლიანად გაიხსნება.