“გადადექით იმ თანამდებობიდან, რომელსაც იკავებთ”- ”ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძის გადადგომას ითხოვს. კობა გვენეტაძეს დღეს, 2 მაისს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.ხაზარაძე ამბობს, ეროვნულ ბანკს გაექცა ინფლაციის დონე და ვერ აკონტროლებს სამომხმარებლო ფასებს. ასევე აღნიშნავს, რომ გვენეტაძის პრეზიდენტობის დროს ლარი 40 პროცენტზე მეტად გაუფასურდა.
“ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ხართ ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს. იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც თქვენ დებთ, ასეთი ანაზღაურების მენეჯერს არცერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებდა. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან რომელსაც იკავებთ ყოველგვარი შედეგის გარეშე. თქვენ, როგორც რეგულატორი ამავე დროს უწევთ რეგულაციას, კაპიტალის ბაზარს. გრძნობთ თუ არა ინტერესთა კონფლიქტს. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, იყო რეგულატორი საფინანსო საკრედიტო რეგულაციების და მეორეს მხრივ კაპიტალის ბაზრის, რომელიც პირდაპირ პროპორციულად უნდა იყოს საბანკო სისტემის”, – აღნიშნავს ხაზარაძე.