რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებიდან შუამავლის გავლით ვასამბეკ ბოკოვისგან წერილი მიიღეს. ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ივნისში დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას აპირებდა.
“მე დღეს გადავწყვიტე გავასაჯაროვო სრული სიმართლე, მოვყვე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და გავაცნო საზოგადოებას ზუსტი რეალობა” – სწერს ბოკოვი რუსთავი 2-ს.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ნოემბერში პანკისში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაპირისპირებული მხარეების შერიგება იყო.
“ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგების შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ”. – წერია წერილში.
ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი ჩამოსვლის მეორე მიზეზი ბიზნესის დაწყება იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეუცვალა.
“12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი”. – წერია წერილში.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავა. 15 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით თბილისში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული.
სუს-მა იმავე საღამოს დაადასტურა, რომ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.