ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში გადაიყვანონ.
“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში”,– წერია განცხადებაში.
ლიეტუვა მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, გააერთიანონ ძალები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან “ერთიანობაა საჭირო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის.