ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ბრიფინგზე აცხადებს, რომ ცესკო გადასატანი ყუთის მისატანად თვითიზოლაციაში მყოფ მხოლოდ იმ ადამიანებს არეგისტრირებს, ვინც მათ აწყობთ. მისი თქმით, ცესკო ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს.
“გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ხელისუფლება ვალდებულია და მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს ადამიანების საკონსტიტუციო უფლებას – მათ მისცენ ხმა. ამის ფონზე ჩვენ ვნახეთ ცესკოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ცესკო და სახელმწიფო უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი, საავადმყოფოში მყოფი, COVID-სასტუმროში მყოფი და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საარჩევნო უფლებას. გუშინ დაიწყო ეს პროცესი და პირველივე დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცენ ხმა.
როდესაც შესული იყო 467 თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ზარი, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ხმის მისაცემად, მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირეს, იმ გაუგებარი მიზეზით, რომ ისინი თურმე არ არიან ჯანდაცვის სისტემაში.
ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და, მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27 ოქტომბრის შემდეგ”. – ამბობს ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე.
ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, გადასატან ყუთზე რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივონ და უზრუნველყონ ყველა პირის რეგისტრაცია.
“მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა. აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია COVID-ვითარების მართვაში გარდა ამისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ”. – თქვა ელენე ხოშტარიამ.