ცესკოს ინფორმაციით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა.
მათი განცხადებით, ამომრჩევლებმა ცესკოს 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ და ცენტრალური საარჩევნო კომისია, კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.
“საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება თუ როგორ ჩაერთვებიან კენჭისყრის პროცესში აღნიშნული მოქალაქეები”,– ამბობს ცესკო.
უწყების ინფორმაციით, 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით.
ცესკო აღნიშნავს, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.