ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი დუშეთში, შატილის გზაზე, მომხდარ ტრაგიკულ ავტოავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარი ავარიის შესახებ ცენტრში შეტყობინება 17:13-ზე შევიდა, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების ჯგუფები 2 წუთში, 17:15სთ-ზე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა არ ასახელებენ, როდის მივიდნენ ისინი შემთხვევის ადგილზე.
“სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.
აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.
რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას”, – წერია განცხადებაში.
დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.