გადაუღებელი წვიმის გამო ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა

რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია მთავარი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ადგილზე ერთ-ერთი ჩინური კომპანია მუშაობდა, რომლის ტექნიკაც ამ დროისთვის ადიდებულ მდინარეში დგას. კომპანია თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის სამუშაოებს ახორციელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მთავართან სატელეფონო საუბრისას ​ამბობს, რომ ჩინური კომპანიის ტექნიკა არ დაზიანებულა.

მისი თქმით, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სახნავ-სათეს მიწებს არ შეხებია.

“ჭარბი ნალექის გამო ერთ-ერთი სავარგული ჰქონდა ერთ გლეხს და ის დატბორა. ჩინურ კომპანიას მივმართეთ, დაასუფთავა კალაპოტი და დაიწია წყალმა, ასე, რომ საცხოვრებელ ტერიტორიებს არ შეხებია, ეს წყალი. დაზარალებულ გლეხს ჩინური კომპანიის წარმომადგენელი ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა”, — განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.