“გადაუხვია ადრინდელ (პირველ წასვლასა და მეორედ მოსვლას შორის პერიოდის) ტრადიციას“–გია ნოდია ივანიშვილის წასვლაზე

ექსპერტი გია ნოდია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან მეორედ წასვლისას წესს გადაუხვია და პარტიის თამჯდომარის პოსტზე არა პრემიერ მინისტრი, არამედ ირაკლი კობახიძე დატოვა:
“ბიძინას გადაწყვეტილების მოტივებზე სპეკულაციებში გახლართულებს ყურადღება არ მიგვიქცევია, ჩემი აზრით, საგულისხმო გარემოებაზე: მან გადაუხვია ადრინდელ (პირველ წასვლასა და მეორედ მოსვლას შორის პერიოდის) ტრადიციას, რომ პარტიის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია (ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი). არავის გახსენებია, რომ ამჯერად ეს თანამდებობა გვახარიას „ეკუთვნოდა“.
რატომ მოხდა ეს? ერთი თეორია შეიძლება იყოს, რომ გახარიას არ ენდობა, მალე მოიშორებს, კობახიძე გახდება პრემიერი და ტრადიცია აღდგება. კონტრარგუმენტი: თუ ასეა, რას ელოდება? ბარებ ეგეც ექნა და ისე „წასულიყო.“
მეორე თეორია: წარსულიდან დასკვნები გამოიტანა და ჩათვალა, რომ პარტიაში შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი უნდა შექმნას. გახარიამ, კობახიძემ, კალაძემ ერთმანეთი უნდა გააწონასწორონ. შეიძლება სხვა, ნაკლებ ხილული ფიგურებიც იგულისხმებოდეს გამაწონასწორებლებში. ერთმანეთში რომ იჩხუბებენ, მას დაუწყებენ რეკვას (რომლის ტელეფონს უპასუხებს, ეს სხვა საკითხია).“– წერს გია ნოდია ფეისბუქზე.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა. მის ადგილს ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაიკავებს.