გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პომპეო–გახარიას საუბარს ეხმიანება და  ოპოზიციას ურჩევს, გაერკვნენ, რა ფორმით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე.

იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს ვერ იყოფს.

„აშშ-სა და საქართველოს პოზიციები, ცხადია, ემთხვევა იმ საკითხში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი გამჭვირვალობითა და სტანდარტით, ეს ნამდვილად ასე იქნება. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომლებიც ყველაფრის გაფუჭების გარდა არაფერს ცდილობენ, მე მათ ვურჩევდი, ჯერ გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე, ვინაიდან, საზოგადოება ერთადერთს, რასაც მათგან ხედავს, არის ის, თუ როგორ ლანძღავენ და ებრძვიან ერთმანეთს, ხან სხვებს და ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებას მიაღწიეს. ენმ–მ გადაწვიტა, რომ დანარჩენ 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს. ევროპულმა საქართველომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. ენმ–ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა გირჩმაც.