გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ  43–ე სესიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან” ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს და საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

“რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის გამო, მათ შორის ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევის აუცილებლობაზე”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭო მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო — 44-ე და 45-ე სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

სამინისტროსვე განცხადებით, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არაერთ ქვეყნის, მათ შორის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ჩეხეთის დელეგაციების მხრიდან გაკეთდა.