“ვაღიაროთ,„ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება” – გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ეს განცხადება, ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა და მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.
- „მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.
ანტონიო გუტიერეშის ეს განცხადება, გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა:
- “არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ”, – განაცხადა ელჩმა.
მოგვიანებით, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.
- „გენერალური მდივანი, რომელიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მასობრივი მკვლელობის კამპანიას გაგებით ეკიდება, არ არის შესაფერისი გაერო-ს ხელმძღვანელობისთვის. მე მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოვუწოდებ. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს“, – წერს ამის შესახებ, ისრაელის ელჩი სოციალურ ქსელ x-ში.