გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს , რომ შოკირებული და ღრმად შეშფოთებულია კადრებით, რომლებზეც ჩანს რომ ისრაელში, ამ ორგანიზაციის სიმბოლიკიან მანქანაში ქალი და კაცი სექსით არიან დაკავებული.
18 წამიანი ვიდეო ტვიტერზე პარასკევს გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. კადრებზე ნათლად ჩანს, რომ წითელკაბიანი ქალი და მამაკაცი თეთრი ავტომობილის უკანა სკამზე სექით არიან დაკავებული. ავტომობილზე გაეროს სიმბოლიკაა გამოხატული.
როგორც ჩანს, ვიდეო თელავივის მთავარ სანაპიროზე გადაიღეს. ჯიპის წინა სკამზე კიდევ ერთი მგზავრი ზის, მძღოლი არ ჩანს. ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა მანქანა შუქნიშანზე გაჩერდა.
გაეროში განაცხადეს, რომ ინციდენტს იძიებენ და მალე დაადგენენ მათ ვინაობას, ვინც ვიდეოზეა აღბეჭდილი. გაეროს ცნობით სავარაუდოდ ისინი ისრაელში სამშვიდობო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.
გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის აზრით ასეთი ქცევა “ამაზრზენია“, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ორგანიზაცია იბრძვის, გაეროს თანამშრომელთა შეუსაბამო ქცევის თვალსაზრისით.
გაერო მისი თანამშრომლებიდან სექსუალური დარღვევების წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას ატარებს.
“შოკირებული და ღრმად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ამ ვიდეოზე ჩანს“– დასძინა დიუჟარიკმა. მისი თქმით, გამოძიება სწრაფად მიდის წინ და ვარაუდობს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.