გავაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას გააგრძელებს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება, გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მქონდე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით. ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის”,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები ყველაზე მეტად მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს.

“ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ”,- განაცხადა გახარიამ.