“გავაგრძელებ ბოლომდე… უარს ვაცხადებ ექიმებთან კონსულტაციასთან გასვლაზე!” – აცხადებს ამის შესახებ, ბათუმელი მედროშე, რეჟიმის პატიმარი თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად შიმშილობის ამ ვადისა, რეჟიმის პატიმარი მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით.
“თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად,” – წერია განცხადებაში.
საია თემურ ქათამაძის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ის შიმშილობას ბოლომდე გააგრძელებს.
- “ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძის მესიჯი კრიტიკული მედიისთვის!
ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და ჩემს შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე ვინაიდან მიმაჩნია, “სამშობლო უფრო ღირებულია ვიდრე სიცოცხლე”, როგორც იყო ჩვენი, ანუ “ჩვენებურების” ბელადი ახმედ მელაშვილისთვის, ასევე მიხა ხელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქაცარავასთვის,მ გულო აღა კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, იუსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასთვის და ზვიად გამსახურდიასთვის!
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: “არასდროს, არასდროს, არ დანებდე!”
მე, ასევე უარს ვაცხადებ 15.02.2025წ. თარიღიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში, ყოველდღიურ ექიმებთან კონსულტაციასთან გასვლაზე და ანალიზების ჩატარებაზე” – წერია წერილში.