გავაუქმოთ ახალი წელი? – კახა კალაძე საახალწლო კონცერტებზე

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტებზე ამბობს, რომ ეს კულტურის სფეროს წარმომადგენლების დახმარებაა.

“გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და გგონიათ, მაგათ პრობლემები არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მე ადამიანებს არ დავტოვებ ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა. როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში. შესაბამისად, ის მომღერლები, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს”,– ამბობს კალაძე.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა. მერია 100 000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფეიერვერკების შესასყიდად და 216 000 ლარს კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.