დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები აირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში, აირჩევენ ევროპულ პენსიებს, ნაცვლად იმ მძიმე მდგომარეობისა, როდესაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საბანკო კაბალური სესხები, როდესაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე 4-ჯერ მეტს იხდის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მშობლების თაობა. ამიტომ ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს და ასევე გავზრდით პენსიებს. პენსიონერებისთვის ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ პენსია მინიმუმ 1000 ლარს შეადგენდეს.

რა გვინდა? გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. გვინდა ევროპული ინვესტიციები, ამერიკული ინვესტიციები, ევროპული ხელფასები და მდგომარეობა, როდესაც თითქმის 500 ათასი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, იმიტომ რომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ადამიანი არის დასაქმებული, როდესაც შემოსავალი 300 ლარსაც კი არ აღემატება.

დიახ, ეს არის ის მძიმე მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე უმრავლესობა ებრძვის, როდესაც ოჯახებისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ასევე ემიგრანტებს საქართველოში და ამისთვის შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად.

ერთ დროს, მეც ემიგრაციაში ვცხოვრობდი და ვარდების რევოლუციის დიდმა რეფორმებმა, დიდმა აღმშენებლობამ, დიდმა ეკონომიკურმა წინსვლამ დამაბრუნა მე სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ასევე შევქმნით იმ დიდ ეკონომიკურ აღმავლობას, რომლითაც ასი ათასობით მოქალაქე კვლავ საქართველოში დაბრუნდება და გაერთიანდება ოჯახები. დიახ, ჩვენ ოჯახები აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ მომავლის საქართველოში, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიტანთ.

აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.