თბილისის მერი კახა კალაძე ზაზა გახელაძის შეწყალებას ეხმიანება და ამბობს, რომ ოკუპაცია დროებითია.
“ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ზაზა სახლში ბრუნდება. სიმწარენარევი სიხარულია…
მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი! ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი!”,– წერს კალაძე.
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა.
ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და ამოქმედდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 2020 წლის 11 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.