გავხსნით ჰუმანიტარულ დერეფნებს უკრაინის 4 ქალაქიდან – რუსეთი

რუსეთის სახელმწიფო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დღეს ცეცხლს შეწყვეტს ჰუმანიტარული დერეფნების შესაქმნელად. ცეცხლი დილის 10 საათიდან შეწყდება და დერეფნები გაიხსნება კიევიდან, ხარკოვიდან, სუმიდან და მარიუპოლიდან.

რუსეთის უწყებათაშორისი ჰუმანიტარული რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის განცხადებით, ამის მიზეზი კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა და პუტინისთვის პრეზიდენტ მაკრონის თხოვნაა.

„კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარების და მისი დრამატული გაუარესების გათვალისწინებით ქალაქ კიევში, ხარკოვში, სუმიში და მარიუპოლში, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირადი თხოვნით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ ვლადიმეროვიჩ პუტინისადმი, შეიარაღებული ძალები ჰუმანიტარული მიზნებით 2022 წლის 7 მარტს 10:00 საათიდან აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას და ხსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია უკრაინას. შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთმა ორჯერ დაარღვია. მათ შეთანხმებულ დროს ცეცხლი გახსნეს, ამიტომ ევაკუაცია ვერ მოხერხდა.