ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება.
მინისტრის განმარტებით, ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდება.
„გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც „სოკარი“ , ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე,“-განაცხადა თურნავამ.
ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ საქართველოს რუსული გაზის გარეშეც შეუძლია მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
,,ჩვენ არ გვჭირდება რუსული გაზი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე დამთავრდა მეორე, ძალიან დიდი პრექტი “შაჰდენიზ 2″და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გადის დამატებითი გაზი, რომელიც შედის თურქეთში და შემდეგ, მოგვიანებით ის წავა ევროპისკენ. ჩვენ გვაქვს ყველანაირად საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთის გარეშე 100%-ით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა”,- ამბობს ენმ-ს ლიდერი რომან გოცირიძე.