გაირკვევა, ოცნება მშვიდი ნაბიჯით აპირებს სვლას პოლიტიკური სამარისკენ, თუ ჩაენარცხება – გოცირიძე

ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გარივევა, “ქართული ოცნება” შედარებით მშვიდი ნაბიჯით აპირებს სვლას პოლიტიკური სამარისკენ, თუ ძალიან სწრაფად ჩაენარცხება პოლიტიკურ სამარეში.

“დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაავალებს. ოღონდ, გაზვიადებული იქნება საუბარი იმაზე, რომ გადაწყვეტილებას იღებს ” ქართული ოცნება”, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რასაც უკარნახებს ბიძინა ივანიშვილი. ამ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრების ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი. პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, მთელი მისი ფინანსებით თუ სხვა იმ აქტივებით, რაც გააჩნია. რაც შეეხება დაცვას, ერთ-ერთმა პირველმა სიმბოლურად ვთქვი ის, რომ ეს ოფისი მყარად ნაშენებია, 9 ბალიან მიწისძვრას უძლებს – მეთქი. ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას, ყველანაირ შეტევას გაუძლებს”, – განაცხადა გოცირიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.